თეგი: ყალბი დოკუმენტები

საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით გადასახადისთვის თავის არიდების ფაქტზე ორ პირს ბრალი წარუდგინეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის იმერეთის და რაჭა-ლეჩხუმის სამმართველოს თანამშრომლებმა, იმერეთის რეგიონში გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ქონების შეძენა-გასაღების, ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადება-გამოყენების, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისა და განსაკუთრებით დიდი ოდენობით გადასახადისთვის თავის არიდების ფაქტებზე, ორ პირს ბრალი წარუდგინეს. ინფორმაციას საგამოძიებო სამსახური ავრცელებს. უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, მათი მართვის ქვეშ მყოფი კომპანიების სახელით, უკანონოდ მოპოვებულ ჯამში 640 763 ლარის ღირებულების ხის მასალისთვის კანონიერი სახის მიცემისა და მისი ლეგალიზაციის მიზნით, ურთიერთშორის გაწერეს ყალბი საგადასახადო დოკუმენტები ხის მასალის თითქოსდა მიწოდება-შესყიდვის თაობაზე. „ყალბი დოკუმენტების გამოყენებით, მათ უკანონოდ მოპოვებული ხის მასალის რეალიზაცია მოახდინეს ადგილობრივ ბაზარზე და მიიღეს დიდი ოდენობით უკანონო შემოსავალი. ამასთანავე, ბრალდებულები, მათი მართვის ქვეშ მყოფი კომპანიების მეშვეობით, საგადასახადო კანონმდებლობის დარღვევით, სისტემატურად ახდენდნენ შემოსავლების არასწორ დეკლარირებას, რა გზითაც თავი აარიდეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაახლოებით 500 000 ლარის გადახდას. გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 186-ე, 210-ე, 194-ე და 218-ე მუხლებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 9-დან 12 წლამდე ვადით“, - ნათქვამია ინფორმაციაში.  

საგამოძიებო სამსახური: დიდი ოდენობით სახელმწიფო ქონების მოტყუებით დაუფლების ფაქტზე სისხლისსამართლებრივი დევნა ექვსი პირის მიმართ დაიწყო

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ყალბი დოკუმენტების დამზადება-გამოყენების გზით, დიდი ოდენობით სახელმწიფო ქონების მოტყუებით დაუფლებისა და სამსახურებრივი სიყალბის ფაქტებზე სისხლისსამართლებრივი დევნა ექვსი პირის მიმართ დაიწყეს, რომელთაგან ერთი ყოფილი მოხელეა. ამის შესახებ ინფორმაციას საგამოძიებო სამსახური ავრცელებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, 2021 წელს მცხეთა-მთიანეთის რეგიონში, ყალბი დოკუმენტების გამოყენებით, ერთ-ერთი მუნიციპალიტეტის წარმომადგენლის დახმარებით, მოტყუებით დაირეგისტრირეს 309 576 ლარის ღირებულების 2 256 მ2 მოცულობის ორი მიწის ნაკვეთი. "ბრალდებულების მიერ საჯარო რეესტრში წარდგენილ იქნა ასევე ყალბი დოკუმენტაცია, დამატებით 6 217 მ2 მოცულობის 5 მიწის ნაკვეთის რეგისტრაციის მიზნით, რაც აღკვეთილ იქნა საგამოძიებო მოქმედებების ოპერატიულად და ეფექტურად განხორციელების შედეგად. ტარდება შესაბამისი პროცედურები მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლებული მიწის ნაკვეთების სახელმწიფო საკუთრებაში დაბრუნების მიზნით. გამოძიება გრძელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 362-ე მუხლის მე-2 ნაწილით და 341-ე მუხლით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე ვადით", - აღნიშნულია ინფორმაციაში.  

საგამოძიებო სამსახური: კომერციული მოსყიდვისა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება-გასაღების ფაქტზე ერთი პირი პასუხისგებაში მისცეს

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა კომერციული მოსყიდვისა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება-გასაღების ფაქტზე, ბრალდებულის სახით ერთი პირი პასუხისგებაში მისცეს. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, რომელიც წარმოადგენდა უძრავი ქონების სერტიფიცირებულ კერძო ექსპერტ-შემფასებელს, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, შესაბამისი ფულადი თანხის სანაცვლოდ, ერთ-ერთ მოქალაქეს დაუმზადა ყალბი დასკვნა, რომლითაც შიდა ქართლის რეგიონში მდებარე 13 830 ლარის ღირებულების სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, შეფასებულ იქნა 1 094 060 ლარად. გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 221-ე მუხლის მესამე ნაწილით და 362-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 2-დან 4 წლამდე ვადით.  

სუს-მა ყალბი დოკუმენტების დამზადება-გასაღების ფაქტზე 3 პირი დააკავა

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტმა ყალბი დოკუმენტების დამზადება-გასაღების ფაქტზე 3 პირი დააკავა. „კონტრდაზვერვის დეპარტამენტის მიერ აღძრულია სისხლის სამართლის საქმე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით. აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების ფარგლებში, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ჩატარდა დანაშაულებრივი ჯგუფის წევრთა პირადი, ასევე მათი საცხოვრებელი და ნაქირავები ბინების ჩხრეკა, რის შედეგად ამოღებულია სხვადასხვა ქვეყნის მაღალი ხარისხის ყალბი დოკუმენტები. მათ შორისაა მართვისა და პირადობის დამადასტურებელი მოწმობები, დიპლომი და სხვა სახის დოკუმენტალური ნივთმტკიცება. პარალელურად, მიმდინარეობს სისხლის სამართლის საქმეში გამავალ სხვა პირთა მიმართ დამატებითი მტკიცებულებების მოპოვება, მათი შესაძლო სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მიცემის მიზნით. დანაშაული 3-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.